არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

ფსიქოლოგიამ განსაკუთრებული პოპულარობა მეოცე საუკუნეში მოიპოვა და ადამიანის ქცევასთან დაკავშირებით ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა. ზოგიერთი მათგანი თავისი არსით საშინლად არაეთიკური იყო და ყოველგვარი ჩარჩოდან ამოვარდნილი, თუმცა ფსიქოლოგიის მეცნიერებას ახალი აღმოჩენები შემატა და დადებითი მხარეც ჰქონდა.


1.    1939 წელს იოვას შტატის ქალაქ დევენპორტში იოვას უნივერსიტეტის პროფესორმა ვენდელ ჯონსონმა ექსპერიმენტში დამხმარედ თავისი ერთ-ერთი სტუდენტი, მარია ტიუდორი აირჩია. მათ აიყვანეს 22 უსახლკარო ობოლი ბავშვი და გაყვეს ორ ნაწილად. ერთ ნახევარს მარია თბილი და საალერსო სიტყვებით მიმართავდა, მეორეს კი ნეგატიურად და აგრესიულად. უმეორებდა, რომ ისინი არავის სჭირდებოდა და მათ დანახვაზე ყველას ზიზღი ერეოდა. ამ ნახევარს მალე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და ბევრმა გამართულად ლაპარაკის უნარიც დაკარგა. პროფესორის სახელი რომ არ შებღალულიყო, ექსპერიმენტის შესახებ ინფორმაცია კაი ხნით გასაიდუმლოებული იყო.

2.   დოქტორმა ლევინმა სამხრეთ აფრიკაში ექსპერიმენტისთვის შეკრიბა გეები და ლესბოსელები, მიზანს მათი განკურნება წარმოადგენდა. ძირითადი მეთოდი ელექტროშოკი იყო. მონაწილეთა ზუსტი რიცხვი უცნობია, დაახლოებით 900-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 1971 წლიდან 1989 წლამდე, ამასთან უმეტესობა 16-დან 24 წლამდე იყო. გეებს სვამდნენ სკამზე და ანახებდნენ შიშველი მამაკაცის სურათს. თუკი მასზე რეაქცია (ანუ ერექცია :D) ექნებოდა, იყენებდნენ ელექტროშოკს. და ასე გრძელდებოდა, სანამ ფსიქოლოგიური შიში არ ჩაენერგებოდათ და რეაქცია არ განულდებოდა. შემდეგ შიშველ ქალს ანახებდნენ. ამ შემთხვევაში ელექტროშოკს პირიქით ხმარობდნენ – თუ რეაქცია არ ექნებოდათ. დოქტორი ლევინი, ექსპერიმენტის ავტორი დარწმუნებული იყო, რომ მსგავს მეთოდით ნარკომანების განკურნებაც შეიძლებოდა.

3.  1971 წელს ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ გადაწყვიტა, გამოეცადა, როგორ შეიცვლებოდა ადამიანის ქცევა, თუკი ცოტა ხნით პატიმრის ან დაცვის ამპლუაში იქნებოდა. მონაწილეებისთვის რაიმე განსაკუთრებული რჩევა-დარიგება არ მიუციათ, შესაფერისი ტანისამოსი ჩააცვეს და სტენფორდის ციხეში შეუშვეს. პირველ დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეორე დღეს კი პატიმრებში ბუნტი დაიწყო, რამაც მცველების შესაბამისი რეაგირება გამოიწვია. ამის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მცველები ძალიან შეიჭრნენ როლში და პატიმრების დამცირებაზე გადავიდნენ, რამაც შესაბამისი რეაქცია გამოიწვია და ეს უკანასკნელნიც ვალში არ რჩებოდნენ. დოქტორმა ზიმბარდომ ექსპერიმენტი 5 დღეში დაასრულა, რადგან ხედავდა, რომ სიტუაცია თანდათან უკონტროლებელი ხდებოდა. ამ ხანმოკლე ექსპერიმენტმა საკმაოდ ბევრი ნიუანსი გამოავლინა ადამიანის ადაპტირების უნარზე და ქცევის ნორმებზე.

4.    ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ადამიანებს ბევრ რამეში ეხმარება, განსაკუთრებით ფარმაციის დარგს, თუმცა არაეთიკური მაგალითები აქაც გვაქვს. 1969 წელს მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტში მაიმუნებსა და ვირთხებს ნარკოტიკებით “ჭყიპავდნენ” – მორფინი, ალკოჰოლი, კოკაინი, კოდეინი, ამფეტამინი. ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვიათ, ნარკოტიკი ფსიქიკაზე რა გავლენას ახდენს. ზოგიერთ მაიმუნზე ისე იმოქმედა ნარკოტიკმა, რომ გაქცევა მოინდომეს, მაგრამ უშედეგოდ და ბევრმა კიდურები დაიზიანა. მაიმუნებს, რომლებსაც კოკაინი მისცეს, კრუნჩხვები დაეწყოთ და ჰალუცინაციების გამო ბევრმა საკუთარი თითების ჭამა დაიწყო. მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინი მიიღო, მკლავებიდან და მუცლიდან კანი აიხლიჩა. ის მაიმუნები კი, რომლებსაც კოკაინისა და მორფინის ნარევს აძლევდნენ, 2 კვირაში კვდებოდნენ.

5.    1924 წელს მინესოტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა კერნი ლენდისმა გადაწყვიტა გამოეკვლია, ემოციები სახის კუნთებთან მიმართებაში რა კავშირში იყო, ანუ ყველა ადამიანი ერთნაირად თუ გამოხატავდა და აღიქვამდა ემოციებს. ექსპერიმენტის ძირითადი მონაწილეები სტუდენტები იყვნენ. მათ სახეზე ახატავდნენ შავ ხაზებს, რათა კუნთების მოძრაობა დაეფიქსირებინათ. შემდეგ კი სტიმულს აძლევდნენ ემოციის გამოსახატად. თითოეულ ემოციას ლენდისი ფოტოზე აფიქსირებდა. სტიმულები მოიცავდა ამიაკის შესუნთქვას, პორნოგრაფიის ყურებას, ბაყაყებით სავსე კალათში ხელის ჩაყოფას. ბოლოს ლენდისმა თაგვები მოიყვანა და თითოეულს თავის მოჭრა უბრძანა. ამის გაკეთებაზე ყველამ უარი თქვა, რადგან ცხოველი ეცოდებოდათ. თუმცა დანის მოტანის შემდეგ მესამედმა თავი მოაჭრა. ექსპერიმენტის საბოლოო დასკვნა იყო, რომ ადამიანები ემოციებს სხვადასხვანაირად გამოხატავენ.

6.    1920 წელს ჯონ უოტსონმა მოინდომა გაერკვია, შიში ადამიანს თანდაყოლილად აქვს თუ შემდეგ იძენს. მან იშვილა 9 თვის ობოლი ბიჭი, რომელსაც ალბერტი დაარქვა. ალბერტი იზრდებოდა კურდღლებთან, ვირთხებთან, მაიმუნებთან ერთად. ოთახებში ასევე მრავლად იყო საშიში ნიღბები, დამწვარი ნივთები. ბავშვი ცხოველებს ეთამაშებოდა და არანაირ შიშს არ ამჟღავნებდა. ერთხელ, როცა ალბერტი ვირთხას ეთამაშებოდა, უოტსონმა რკინის ნაჭერს ურო დაარტყა, რათა მაღალი ხმა მიეღო. ბავშვს შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ეს მეორდებოდა ყოველთვის, როცა ბავშვი ვირთხასთან თამაშს მოინდომებდა. ალბერტმა მალე გააიგივა ხმაური თეთრ ვირთხასთან და აღარ ეკარებოდა. მას შიში გაუჩნდა ყველაფრის მიმართ, რაც ფაფუკი ან თეთრი იყო. საბოლოოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ხანგრძლივი მკურნალობა გახდა საჭირო.

7.    1965 წელს ფსიქოლოგებმა მარკ სელიმანმა და სტივ მაიერმა ძაღლები დაყვეს სამ ჯგუფად. ყველა მათგანს სპეციალური მოწყობილობით კაზმავდნენ. პირველი ჯგუფის ძაღლებს უვნებლად უშვებდნენ, მეორე ჯგუფში წყვილ-წყვილად ყოფდნენ და ყოველი მეორე ელექტროშოკს იღებდა, რომელიც ბერკეტის აწევის შემდეგ ჩერდებოდა. მესამე ჯგუფშიც იგივე იყო, ოღონდ ელექტროშოკი ბერკეტის აწევის შემდეგაც არ ჩერდებოდა. მესამე ჯგუფის ძაღლებმა გაითავისეს, რომ მათი შველა შეუძლებელი იყო და დეპრესიის ნიშნები დაეტყოთ. შემდეგ მესამე ჯგუფის ძაღლებს ყუთში სვამდნენ დ ისევ ელექტროშოკს იყენებდნენ, რომლისგან თავის დაღწევაც მარტივად, ყუთიდან ამოხტომით შეიძლებოდა, მაგრამ ძაღლები მხოლოდ უმწეოდ იყურებოდნენ.

8.    1965 წელს კანადაში დაიბადა ბიჭუნა, დევიდ რეიმერი. 8 თვის ასაკში ბავშვი ექიმთან მიიყვანეს წინადაცვეთის ოპერაციისთვის. ოპერაციისას ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად დენზე მომუშავე იარაღი გამოიყენეს და ორგანოს ქსოვილების ნაწილი დაეწვათ. აღშფოთებულ მშობლებს გამოსავლად სქესის შეცვლა შესთავაზეს, რამაც ისინი ჯერ დააბნია, შემდეგ კი დათანხმდნენ. მათ არ იცოდნენ ექიმის მიზანი: ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სქესობრივი თვისების ჩამოყალიბებაში მთავარი აღზრდაა და არა ბუნება. დევიდს, შემდგომში ბრენდას, სასქესო ორგანო “შეუცვალეს” და გოგოსავით ზრდიდნენ. მაგრამ ბრენდა ბიჭივით იქცეოდა და მშობლებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. საქმეს აუარესებდა ის, რომ მან არ იცოდა საკუთარი ისტორია და ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა ბიჭის აზროვნება. ამ ყველაფერმა დედამისი თვითმკვლელობისკენ გახადა მიდრეკილი, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი დეპრესიული ტიპის ადამიანი. 14 წლის ბრენდას როგორც იქნა, მშობლებმა სიმართლე უთხრეს. ბრენდამ მოინდომა, ისევ დევიდი გამხდარიყო. შეწყვიტა ესტროგენის მიღება, რომელიც ქალური ჰორმონების სიჭარბეს იწვევდა. მომავალში კი სასქესო ორგანოც გადაინერგა. როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, ნაკლებადაა ცნობილი. საბოლოოდ დევიდ-ბრენდამ 38 წლის ასაკში თავი მოიკლა.

9.    სოც-ფსიქოლოგმა სტენლი მილგრემმა იელის უნივერსიტეტიდან 1974 წელს მოხალისეები აიყვანა და პირობითად დაჰყო “მოსწავლეებად” და “მასწავლებლებად”. ისინი სხვადასხვა ოთახში ისხდნენ. მასწავლებლები კითხულობდნენ ტესტს 4 სავარაუდო პასუხით. თუ მოსწავლეები არასწორად უპასუხებდნენ, ისინი ელ.შოკს მიიღებდნენ. ძაბვა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა. რეალურად, მოსწავლეებს არაფერი მოსდიოდათ, მთავარი დაკვირვების ობიექტი ექსპერიმენტში მასწავლებლები იყვნენ. თითოეულ “დარტყმაზე” მასწავლებლების ოთახში ყვირილი ისმოდა, რომელიც წინასწარ იყო ჩაწერილი. პროტესტის თანმიმდევრულად მილგრემი იყენებდა 5 სტანდარტულ ფრაზას: “თუ შეიძლება, გააგრძელეთ”, “ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ განაგრძოთ”, “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ”, “არჩევანი არ გაქვთ, უნდა განაგრძოთ”, “ყველა პრობლემას საკუთარ თავზე ვიღებ, განაგრძეთ”. 40 მასწავლებლიდან მხოლოდ 14-მა მოითხოვა შოკის შეწყვეტა , როცა ძაბვამ 450 ვოლტს ააღწია, ხოლო 300 ვოლტამდე არცერთს პრეტენზია არ გამოუთქვამს. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტთან (#3) ერთად, ეს ექსპერიმენტი ითვლება ადამიანის ბნელი მხარის ყველაზე კარგ მაჩვენებლად.

This entry was posted in ფსიქოლოგიური ისტორიები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s